კობახიძე პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და NATO-ში. მათივე ინფორმაციით, კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაშიც.

ამასთან, დაგეგმილია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეისთან ერთად პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

მთავრობის განცხადებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.