კობახიძე: პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესია და „როდესაც არსებობს სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს”.

კობახიძე ირწმუნება, რომ პოლიტიკური პარტიები უკრაინასა და მოლდოვაშიც იკრძალება და ამას ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს, თუმცა ორივე ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები აკრძალეს.

მოლდოვაში 2023 საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტია Șor Party. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამ პარტიის მიერ მოწყობილი მრავალთვიანი პროტესტი პროდასავლური მთავრობის და პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. 1 წლის თავზე იმავე სასამრთლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა.

ხოლო უკრაინაში, 2022 წლის მაისში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც პრორუსული პარტიების მუშაობა აიკრძალა. მანამდე, იმავე წლის 20 მარტს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შეაჩერა 11 პრორუსული პოლიტიკური პარტია, სანამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა.

2024 წლის 20 ივნისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა პოლიტიკურ ბლოკ „ჩვენს მიწას” ბრალი წარუდგინა უკრაინის წინააღდეგ დივერსიულ ქმედებებში. ამით უკრაინაში აკრძალული პარტიების რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

„სააკაშვილის რეჟიმი არ არის ქართული სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებაზე და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რაც ყველას თავიდან ბოლომდე უნდა ჰქონდეს გააზრებული. რაც შეეხება არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა, როდესაც არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს.

ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პოლიტიკური პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში და ამასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შეფასებები ისმის იგივე ევროკავშირის მხრიდან. ეს არის დემოკრატიული პროცესი, როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიული სისტემის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


20 აგვისტოს, „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, პარტიის განცხადებით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.

მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით იმუქრება.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”, – ნათქვამია განცხადებაში.