კობახიძე: პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირაში შედგება 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენების შესახებ კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე კვირის ბოლომდე შედგება.

კობახიძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა – მოქმედი პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა.

იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი შედგეს, 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. კობახიძის თქმით, ამის შანსი, პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა, არც იმედს კარგავს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მათ სასარგებლოდ იმოქმედებს.

„ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება და სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს – სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა წარდგინება, რომელშიც მიუთითა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.