კობახიძე: „ქართული ოცნების" სია ცესკოში შევა ბოლო დღეს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება” ცენტრალურ კომისიაში სიას იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს წარადგენს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე. რაც შეეხება სიის წარდგენას, სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენც ასე ვიმოქმედებთ.

სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა, მანამდე სიის გარკვეული ნაწილი ალბათ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება სიის შედგენას, მისი თქმით, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო. ის აღნიშნავს, რომ ვიდრე არ მიიღებს პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას, „ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს”.