„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული განცხადებების გამო ევროპარლამენტარები კვლავ გააკრიტიკა.
„არსებობს ძალიან დიდი და მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, მოლდოვაშიც პატიმრობაშია მათი მეხუთე პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით მარტო ჯანმრთელობაზე ხომ არ იყო საუბარი? ევროპარლამენტარების ნაწილი პირდაპირ გვეუბნებოდა, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია, ეს უკვე არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი მოვლენა და მის იმიჯზე ცუდად აისახებაო. არცერთი ასეთი განცხადება არ გაკეთებულა მოლდოვასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეხუთე პრეზიდენტი დღეს პატიმრის სტატუსის მქონეა.
რატომ? იმიტომ, რომ რა მანკიერი ინტერესიც არ არსებობს მოლდოვას მიმართ, ის მანკიერი ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ. ამას უკავშირდება ეს კოორდინაცია სააკაშვილის საქმის გარშემო, ამას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდის გაჩერება „კრედიტ სუისში“ და ა.შ. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი და საქართველოს ომში ჩართვის სურვილი“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვას – თქვენი აზრით, ეს არათუ სუსტდება, კიდევ უფრო ძლიერდება თვეებთან ერთად?
უპასუხა: „კი. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში დღეს მძიმე ვითარებაა, — როგორ გაგრძელდება მოვლენები არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, — ეს ინტერესი გაზრდილია“.
მოლდოვის მე-5 პრეზიდენტი იგორ დოდონი ამჟამად დაპატიმრებული არ არის. კიშინიოვში პრორუსი ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ის 26 მაისიდან არა ციხეში, არამედ შინაპატიმრობაში იყო. 18 ნოემბერს კი მოლდოვის სასამართლომ შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლა. დოდონმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ თავის მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ მოლდოვის მოქმედი, მე-6 პრეზიდენტის მაია სანდუს წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. დოდონის წინააღმდეგ საქმე კორუფციას ეხება. გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს ედავება, რომ კრიმინალური ჯგუფებისგან მიიღო თანხები.