კობახიძე: რაში გამოიხატება, რომ ჩვენ არ ვართ ევროპული კურსის მიმდევარი?

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ესხმის თავს დასავლეთს. მისი მტკიცებით, სწორედ დასავლეთი ერევა საქართველოს საშინაო პროცესებში და ხელს უშლის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

კერძოდ, „ქართული ოცნების” პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი ჩაერია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ამასთან, ირწმუნება, რომ კრიტიკა, რომელიც ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მოდის, არგუმენტებს მოკლებულია და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება თავად ევროკავშირის ბრალია.

„ჩვენ ვეხვეწებოდით, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ არ ვიყავით პროევროპული. ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები, არ გაგვიხსნეს და გვითხრეს, რომ არ გვინდოდა ევროინტეგრაცია. ვის არ უნდოდა, ხომ ჩანს“. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ანტიდასავლური ნარატივი, რომ დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, „გადატრიალება” მოახდინონ

მისი თქმით, „დასავლელი პარტნიორები“ და ევროპელი ბიუროკრატები აწყობდნენ რევოლუციას საქართველოში.

„რევოლუციას გვიწყობდა საქართველოში დიფ სთეითი, მათ შორის ევროპული ბიუროკრატების ხელით. ვინც რევოლუციას გვიწყობდა, იმას არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, ჩვენ რაიმე მოგვთხოვოს”. – თქვა მან.

მისივე მტკიცებით, კრიტიკა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებისგან მოდის, არ ემყარება რეალურ არგუმენტებს.

„რაში გამოიხატება, რომ ჩვენ არ ვართ ევროპული კურსის მიმდევარი?“ – თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ასევე ჰკითხეს, რა ილაპარაკა მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. კობახიძე ირწმუნება, რომ მაკრონს და „მას საერთო ხედვა აქვთ საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით”.

მისივე თქმით, ტირანაში, არაოფიციალურ ევროპულ სამიტზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ უსამართლოდ ექცევა ევროპა საქართველოს.

„თავი არ აუწევია, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. თავი არ აუწევია, იმიტომ, რომ არ სიამოვნებდა საუბარი იმ ფაქტებზე, რაც მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ”. – თქვა მან.

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების” სახელით განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს „2028 წლამდე”. ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ „ოცნებამ” ძალა გამოიყენა. სისხლის სამართლის წესით დააკავეს 50-მდე ადამიანი, ადმინისტრაციული წესით – 300-ზე მეტი. მათ უდიდეს ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საპროტესტო აქციები 170 დღეზე მეტია, უწყვეტად გრძელდება.