კობახიძე: რჩება 3 რეკომენდაცია შეუსრულებელი, რომელზეც ვითხოვთ კონკრეტიკას

პუბლიკა

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ევროკომისიის რეკომენდაციებიდან, ყველაფერი შეასრულეს.

ის ამბობს, რომ დარჩა მხოლოდ სამი რეკომენდაცია შეუსრულებელი, ისიც იმიტომ, რომ არ აქვთ კონკრეტიკა, თუ რას მოითხოვს ევროკავშირი ამ პუნქტებთან დაკავშირებით.

„მე წარვადგინე დეტალური ანგარიში, ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს და ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, ჩვენ არ ვიცით ჩვენ ამაში რა იგულისხმება. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თავიდან მოხდა უკრაინული კანონის კოპირება, მერე ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთო და ა.შ. გაგრძელდება დისკუსია, ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები, რა ზომები უნდა იყოს… ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირი რას ფიქრობს. ვიდრე არ გვექნება ევროკავშირისგან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა, იმიტომ ვერ  გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე.

მესამე მანივალის რეკომენდაციები, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა. ეს ჩანს დეტალური ანგარიშიდან “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, ასევე საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გაიხსნა  კონფერენცია თემაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“. ღინისძიება გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პლატფორმის თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. კონფერენციას ესწრებიან  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები.