კობახიძე რეზოლუციაზე: მადლობა ჩინეთს, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაეროს ასამბლეის მიერ 4 ივნისს მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება, რომელსაც ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა.

კობახიძემ ჩინეთს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია“.

„გაეროს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა.

შარშან პირველად ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა.

რაც შეეხება ჩინეთს, მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია.

ჩინეთი აღიარებს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს რეზოლუცია მაგას არ ეხებოდა. ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია“.

პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

„ორივე ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე, აყალიბებს თავის პოზიციებს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა – ის თავს იკავებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა მრავალწლიანი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა. ეს ამ ვითარებაში ჩვენთვის მხარდაჭერის ტოლფასია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


2008 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთს მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს რეზოლუციისთვის „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. 2022 წლის 8 ივნისს კი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩინეთმა ამ რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

გუშინ, 4 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით: „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.

რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის, პირველად ისტორიაში საქართველოს მეზობელმა სახელმწიფო სომხეთმა.

ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილო კორეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, ზიმბაბვე. რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა ჩინეთმა. 


საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება 2023 წლის 31 ივლისს დაამყარეს. გამოქვეყნდა დოკუმენტი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მასში ნათქვამია, რომ „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთიანი ჩინეთის პრინციპს“.

შესაბამისად, საქართველო ტაივანს ჩინეთის ნაწილად აღიარებს. ტაივანის სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია.  თუმცა, დოკუმენტში არ წერია, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

დოკუმენტში ზოგადად აღნიშნულია, რომ „მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს”.

განცხადებას, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, პერიოდულად „ქართული ოცნების” ხელისუფლება აკეთებს და არა – ჩინეთის მხარე.