კობახიძე: როცა არც ნატო-ს წევრი ხარ და ხარ მუდმივად კარში ჩამდგარი, ეს მდგომარეობა სარისკოა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში ნატოს სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტით, რეალურად, ძალაში დარჩა სტატუს კვო უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში.

„რაოდენობრივად ტექსტი მეტია მოცემული დოკუმენტში უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხარისხობრივად არავითარი განსხვავება არ არის. შენარჩუნდა სტატუს კვო, რაც არის რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. მით უმეტეს, რომ კონკრეტული ჩანაწერებიც არის მოცემული“. – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ძალაში დარჩა ის დაპირება, რომელიც ჩაიდო თავის დროზე ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, რომ საქართველო სამომავლოდ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

„გაურკვეველია დეტალები, როდის, როგორ და ა.შ. იგივე ეხება რეალურად უკრაინასაც. ტექსტობრივი, რაოდენობრივი კუთხით არ არის განსხვავება ჩვენთან და უკრაინასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს შორის, მაგრამ ხარისხობრივად და არსებითად არაფერი არ შეცვლილა, ყველაფერი არის ისევ და ისევ აბსტრაქტულად ჩამოყალიბებული.“ – ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არსებული მდგომარეობა არ შენარჩუნდეს.

„როცა არც ნატო-ს წევრი ხარ და ხარ მუდმივად კარში ჩამდგარი, რბილად რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა სარისკოა. ეს ქმნის მუდმივ რისკს და უკრაინის მაგალითზე ეს ვნახეთ.დიდი ხანი კარში დგომა იწვევს მძიმე შედეგებს და უკრაინის შემთხვევაში ეს მოხდა, კიდევ გავიმეორებ, რაც თქვა პრემიერმა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც განახორციელა რუსეთმა სამხედრო აგრესია უკრაინაში, იყო ნატოსკენ უკრაინის სწრაფვა.

თავის დროზე, თუნდაც 2008 წელს, 2011 წელს ან ნებისმიერ დროს, მიღებული რომ ყოფილიყო საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრების გადაწყვეტილება, თავისი დათქმებით, რაც შესაძლებელი იყო და რაც თავისუფლად შეიძლებოდა ტექნიკურადაც, პოლიტიკურადაც და ყველანაირად, დღეს ხომ უკრაინაში ეს ომი არ მოხდებოდა?! რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა, მაგრამ არ მინდა, აქ ღრმად შევიდე. ჩვენ ბევრად მეტი ვიცით და ბევრად მეტი ანალიზი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ვლაპარაკობთ. იმიტომ, რომ რაღაცების თქმა, უბრალოდ, არ შეიძლება, მაგრამ ვიტყვი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამ მდგომარეობის დატოვება, როცა არც აქეთ ხარ და არც იქით, უბრალოდ, არ არის მიზანშეწონილი; როცა არც ნატო-ს წევრი ხარ და ხარ მუდმივად კარში ჩამდგარი, რბილად რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა სარისკოა“, – განაცხადა კობახიძემ.