პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეები დღეს სამართალდამცველებზე იძალადებენ, რადგან ასეთი დავალება აქვთ.
კობახიძის მტკიცებით, ხაზარაძეს, კეზერაშვილს და სხვა „კონკრეტულ წყაროებს“ მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი დაჯგუფება, რომლებიც გადავლენ ძალადობაზე, რაზეც მიიღებენ პასუხს „პროპორციულობის პრინციპით“.
„როცა დღეს ქვებს, შუშის ბოთლებს დაუშენენ სპეცრაზმს, იგივე ზომების გამოყენება დაჭირდება. წყლის ჭავლი, აირი და ნებისმიერი სხვა ზომა, რაც არის გათვალისწინებული პროპორციულობის პრინციპით“, – თქვა მან.
კობახიძის თქმით, უმჯობესია, რამდენიმე „ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში“ დარჩეს.
„უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ. ამის არდაშვება არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების, პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს,“- განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ძალაუფლების დასათმობად მზადება დაიწყეს თუ ჯერ არა? და თუ იცის, ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს?
კობახიძე პასუხობს:
„რა გვეტყობა მაგის. ძალაუფლება აქ საერთოდ არაა მნიშვნელოვანი ფაქტორი, მნიშვნელოვანი ფაქტორია, აგენტურა არ შეიძლება დაბრუნდეს, ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ“, – ამბობს ის.