კობახიძე: როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ტყუილია

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ეხმაურება ირანის გავლენების შესახებ „სამოქალაქო იდეის“ კვლევას და აცხადებს, რომ ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებელი ამტკიცებს, რომ კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია სიცრუეა.

„ირანთან რომ აიღოთ ვაჭრობის მონაცემები, ნახავთ, რომ ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ტყუილი და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების მიზანმიმართული მცდელობა. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ასეთი განცხადებები არის ყალბი.

სანქციების გვერდის ავლა, ნახევარპროცენტიანიც რომ არ არის ჩვენი ექსპორტი და 1.4% რომ არის იმპორტი, არის სრული ტყუილი, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე თავდასხმას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

26 თებერვალს ამერიკულ გამოცემა „The Hill“-ში გამოქვეყნდა თვალსაზრისი სათაურით – „საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად იქცევა“. მასალაში გამოცემა Civil IDEA-ს ახალ ანგარიშზე წერს, რომელშიც საქართველოში ირანიდან იმპორტირებულ ნავთობზეა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72 -მა კომპანიამ ირანიდან ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა. იმპორტიორებს შორის არიან „ქართული ოცნების“ შემწირველი კომპანიები.

7 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოში ირანის გავლენების შესახებ „სამოქალაქო იდეის“ კვლევასა და სტატიაზე.