კობახიძე: რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად შემოსულთა უმრავლესობა ქართველია

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში, 31 ივლისის მდგომარეობით, სულ 110 ათასი რუსია შემოსული და აქედან ცხოვრების განზრახვით შემოსულთა რაოდენობა შეიძლება იყოს 10 ან 20 ათასი.

მისი თქმით, საქართველოში დარჩენის მსურველთა უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, რომლებმაც ომის შემდეგ „სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ მონაცემებს დაზუსტება სჭირდება და ჯერ ზუსტად არ იცის, აქ დარჩენის მსურველთაგან რამდენია ქართველი და რამდენი რუსი, თუმცა მაინც დაბეჯითებით განაცხადა, რომ ასეთების უმრავლესობა ქართველია.

„საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის ას ათი ათასზე ნაკლები მოქალაქე. მათ შორის არიან რამდენიმე დღით ჩამოსულები, ერთი დღის შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ. შესაბამისად, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოვიდნენ, შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 10 ათასი ან 20 ათასი. საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველი. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ლოგიკურია, რომ ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები დაბრუნდნენ სამშობლოში. ამას დაზუსტება სჭირდება აქედან, რამდენია ქართველი, მაგრამ ასეც და ისეც, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მუდმივად ან ცხოვრების განზრახვით არის უკიდურესად მცირეა. ყველაფერს რასაც ავრცელებენ, სიცრუეა.“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან ერთადერთი მიზანი დგას, ეს მიზანი საქართველოს კონფლიქტი ჩართვაა.

„ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება. პირდაპირი გზით მათ ვერ მოახერხეს ამის უზრუნველყოფა და ახლა ირიბი გზით ცდილობენ საზოგადოებაში აგრესიის გაღვივებას, რომ ამით მიიყვანონ ქვეყანა ომამდე, რასაც არ დავუშვებთ.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორანოებს, იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად, რომ არავითარი ინციდენტი არ იყოს დაშვებული. რისკ ი არის და განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.“ – განაცხადა კობახიძემ.