კობახიძე რუსულ კანონზე დისკუსიას ამჯერად ახალგაზრდებს სთავაზობს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს და ელჩების შემდეგ, რუსულ კანონზე დისკუსიას ამჯერად ახალგაზრდებს სთავაზობს. კერძოდ, ის მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, 10-მდე წარმომადგენელი გამოყონ, რომელთანაც საჯარო დისკუსიას გამართავს.

„მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს.

ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ”, – წერია განცხადებაში.