საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება NATO-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს დანიშვნას და გამოთქვამს ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნას.
„მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც NATO-ს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმაოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – წერს კობახიძე.
10-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა დღეს ოფიციალურად დატოვა. მის ნაცვლად პოსტს დაიკავებს ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.
NATO-ს მოკავშირეების ელჩები ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში, რომელიც ალიანსში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რუტეს დასამტკიცებლად შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ახალი გენერალური მდივანი NATO-ს თანამშრომლებს მიმართავს და პრესკონფერენციას გამართავს.
რუტემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ არ ღელავს აშშ-ის მოახლოებულ არჩევნებზე, რადგან ორივე კანდიდატთან შეუძლია თანამშრომლობა.