კობახიძე რწმუნებულის გაწვევაზე: განსხვავებით ელჩისგან, არ არის პოლიტიკური აქტი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უკრაინის რწმუნებულის გაწვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინა გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ეს „პოლიტიკური“ ნაბიჯი არ ყოფილა და უკავშირდება უკრაინელი დიპლომატის მიერ „საყოფაცხოვრებო ნივთის“ შეძენას.

„მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი.

ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე“, – აცხადებს კობახიძე.

უკრაინის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაიწვია. სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ შეხვედრა გამართა ელჩებთან და კონსულებთან – მისი თქმით, შეხვედრაზე წარადგინა უკრაინული დიპლომატიის პრიორიტეტები, რაც მოიცავს შეიარაღებული ძალების საჭიროებებს.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სამინისტრო უნდა უპასუხებდეს ომში მყოფი ქვეყნის რეალობას და უნდა შეითავსოს თანამედროვე დიპლომატიის საუკეთესო პრაქტიკა, მათ შორის ახალი რიტმი, ენერგია და მიდგომები. მისივე თქმით, უკრაინის ელჩის მუშაობის ეფექტიანობა მკაფიო კრიტერიუმებზე უნდა იყოს დაფუძნებული.