კითხვაზე, დანაშაულია თუ არა საერთაშორისო მედიასთან თანამშრომლობა, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „შეიძლება, კრიმინალად შეფასდეს კონკრეტული ორგანიზაციის ხელშეწყობა სახელმწიფოს საზიანო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში“.
კობახიძეს „ფორმულას“ ჟურნალისტმა, სალომე ლაბაძემ ჰკითხა, დანაშაულია თუ არა საერთაშორისო მედიასთან თანამშრომლობა და თუ არა, როგორ ახსნის, რომ სუსმა გამოძიების ერთ-ერთ მუხლად შეარჩია მტრულ საქმიანობაში დახმარება?
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „თუ ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და ყალბი დასკვნები დაადასტურეს, ეს შეიძლება იყოს დანაშაული“.
„როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას სახელმწიფოს საზიანო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს შეიძლება იყოს შეფასებული კრიმინალად. მე არ ვარ ის სუბიექტი, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას ადგენს, ეს არის შესაბამისი უწყების საქმე. მაგრამ ზოგადად, ყალბი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. თუმცა, მე არ ვაძლევ [კვალიფიკაციას].
ეს შთაბეჭდილება კი არ იყო, კონკრეტულად ტელევიზიას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს კონკრეტული ნივთიერება იყო გამოყენებული. ეს იყო შეგნებულად მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია.
როცა კონკრეტული ტელევიზია შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, ეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივადაც შეიძლება შეფასდეს, როგორც მტრული საქმიანობა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
BBC-ის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი „კამიტი“, ანუ ბრომობენზილ ციანიდი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.
სუსმა BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC გამოძიება დაეყრდნო ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევასაც, რომლის მიხედვითაც მან დაახლოებით 350 ადამიანი გამოჰკითხა. დაახლოებით მათ ნახევარს ჰქონდა ერთი ან რამდენიმე სიმპტომი 30-ზე მეტი დღის განმავლობაში.
დღეს, 2 დეკემბერს, სუსმა ჩახუნაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.