კობახიძე: სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარ-ნახევრად ჩაიბარებს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას წელსაც განახორციელებს. კერძოდ, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე არა 1 ლარად, არამედ ლარ-ნახევრად ჩაიბარებს.

მისი თქმით, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარ-ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა აუნაზღაურებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

„საქართველოს მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, რათა 20 ათასზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზება შეძლოს. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი. წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი ტონა ყურძენი.

თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარ-ნახევრად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის”. – განაცხადა კობახიძემ.

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მევენახეები რამდენიმე კვირის განმავლობაში მართავდნენ აქციებს და ჩასაბარებელი ყურძნის ფასის გაზრდას მოითხოვდნენ.