კობახიძე სამეცნიერო თანამშრომლობის გაყინვაზე: გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს, ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება.

ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას ყინავს და აღნიშნავს, რომ ეს შეეხებათ სტუდენტებს, ასევე, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას.

ირაკლი კობახიძე გადაწყვეტილებას „წარმავალი” განათლების მინისტრის „კუდის მოქნევად” აფასებს და ასევე ამბობს, რომ „დღეს გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს და ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში”.

„არის აწ უკვე წარმავალი განათლების მინისტრი, რომელმაც კუდი მოიქნია, სანამ დატოვებს თანამდებობას. იმედი გვაქვს, მიუხედავად იმ ფონისა, რაც შექმნილია გერმანიასთან გვექნება მაქსიმალური მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში.

იცით, რამდენს აფუჭებენ კონკრეტული ბიუროკრატები მათ შორის, მოქმედი ელჩი. რეალურად, გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს. მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს.

ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულები გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენით. როგორც კი შეიცვლება მოცემულობა, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება განსხვავებული ფორმით, ვფიქრობთ პროგრესი გვექნება ურთიერთობებში“, – განაცხადა კობახიძემ.