პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდში 7 აგვისტოს ნაცვლად, დღეს, 8 აგვისტოს მივიდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია „აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით”.
„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ. მათ ჰქონდათ ოცნება, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება, აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს”, – თქვა მან.
მან კომენტარი გააკეთა ომის დაწყების თარიღზე – მისი თქმით, ოპოზიცია დაწყების თარიღს წლების განმავლობაში 8 აგვისტოს აღნიშნავდა და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ „თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი”.
„არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს სპეკულაციებია, რომლებსაც არ აქვს საფუძველი, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება.
არაფერი უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. წლების განმავლობაში, აღინიშნებოდა 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღი და ამ თარიღის აღნიშვნა გრძელდება ახლაც ასე. რაც შეეხება ოპოზიციას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის სპეკულაციები და არასერიოზული, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მან.
პრემიერმა, თბილისის მერმა, უმრავლესობის ლიდერებმა აგვისტოს ომზე, ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით პოსტები 8 აგვისტოს გამოაქვეყნეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო – 16 წელი აგვისტოს ომიდან – აღწერის გარეშე. ასევე, მხოლოდ ფოტო გააზიარა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება, კახა კალაძეს, მის პოსტში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება, არც წელს არის ნახსენები სიტყვა რუსეთი. ცნობისთვის, კალაძემ რუსეთი არც აგვისტოს ომზე გამოქვეყნებულ შარშანდელ პოსტში ახსენა.
7 აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა.
თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო.
ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა.