კობახიძე: საქართველო სამიტზე არ მიიწვიეს — ხედავთ, სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში გამართულ უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე არ მიიწვიეს. სამიტი გუშინ, 20 ოქტომბერს ჩატარდა.

ამის შესახებ დღეს, 21 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ევროკავშირის ბიუროკრატიის მდგომარეობა კატასტროფულია“.

„ევროკავშირის ინტერესებშია, საქართველოსთან გააღრმაოს პარტნიორობა, ურთიერთობები. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. თუმცა, ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან.

წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, მათ შორის, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. ერთადერთი, ვინც არ მიიწვიეს, არის საქართველო. როგორც ჩანს, საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული ამ ქვეყნებს შორის. ირონიულად ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. ხედავთ, სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია. კატასტროფაა, ვერც ახსნიან და ვერც გაამართლებენ ვერაფერს, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა რამდენიმე კვირის წინ „ტვ პირველთან“ თქვა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის „ძალიან სადავო არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან საქმეს აღარ დაიჭერდნენ”.