„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, გაერთიანდება ერთ სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი – ამის შესახებ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
3 თებერვალს ფსევდოოპოზიციური „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ილია ინჯიამ „ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წამოაყენა სახელმწიფო ბანკის შექმნის ინიციატივა.
„ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა, რომ საუბარია „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე. მისივე თქმით, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც „ბანკის მსგავსი“ ფუნქციით იქნება დატვირთული.
„გაერთიანდებიან ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.
ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული “, – განაცხადა კობახიძემ.
„ოცნების“ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მიხედვით, მთავრობის მიერ დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება.
„საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება, რომელიც საკუთარ სახელწოდებაში გამოიყენებს ტერმინს „ბანკი“ და რომელიც არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას“, – აღნიშნულია განკარგულებაში.
საკანონმდებლო ცვლილებები დაგეგმილია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
კანონშემოქმედებით გეგმაში გაწერილია ასევე სააქციო საზოგადოება „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციაც. ფონდის შესახებ კანონიც ძალადაკარგულად ცხადდება.