კობახიძე საუბრობს პოლიციის მხრიდან „ცალკეულ ინციდენტებზე" და აქციის მონაწილეთა მხრიდან „სისტემურ ძალადობაზე“

პუბლიკა

„ქართული ცონების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისას ერთი მხრივ, სამართალდამცველების „ცალკეულ ინციდენტებზე” საუბრობს და მეორე მხრივ ყურადღებას ამახვილებს აქციის მონაწილეების მხრიდან „სისტემურ ძალადობაზე“.

„იყო მაგალითად შემთხვევა, ყველაზე მძიმე ინციდენტი რაც იყო, რომ წაქცეულ ადამიანს ურტყამს სპეცრაზმის წარმომადგენელი, არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს მოთმენა პოლიციელისთვის, მან უნდა მოითმინოს. ეს არის სახელმწიფოს წარმომადგენლის, შსს-ს წარმომადგენლის ვალდებულება, თუმცა ამ შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობით არ იმოქმედა კონკრეტულმა პოლიციელმა და მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას.

მთავარია, რომ სისტემური სახე ამას არ აქვს. არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ მინდა, მოგიწოდოთ ერთი რამისკენ, ხედავთ, რომ მომიტინგეების მხრიდან, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, ეს არის დაახლოებით 500 კაციანი დაჯგუფება, ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას. ამას ხომ ხედავთ, ხომ ხედავთ, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, რაც ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ. იყო მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკის გამოყენება პოლიციელების წინააღმდეგ, რის შემდეგაც სერიოზული დამწვრობა მიიღეს პოლიციის წარმომადგენლებმა“,- განაცხადა კობახიძემ.

შსს-ს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 107 პირი. შსს-ს ცნობით, დაშავდა უწყების 10 თანამშრომელი.

გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა.

უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები.