„ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს არსებული სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას საჭიროებს, – ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ერთგვარი პირველადი ანალიზით“, 8% სოციალური დახმარების მიმღებთა შორის არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული.
„რეალურად, ბაზა არის გადასახედი. არ შეიძლება, გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული. ჩვენ ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ მხოლოდ 8% სოციალური დახმარების მიმღებთა შორის არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული, ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია ამ 708 ათასიდან დაახლოებით 8%”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზის გადახედვა არსებითად არ მომხდარა 2020 წლის შემდეგ და მოქმედებდა „ერთგვარი მორატორიუმი”.
„ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს საქართველოში 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, სიღარიბის მაჩვენებელი კი 30% იყო, რაც 2020 წელს 21,3%-მდე შემცირდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლის ჩათვლით, სიღარიბის მაჩვენებელი 9,4%-მდე შემცირდა.
„2025 წლის დაზუსტებული მონაცემი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, ოთხწლიანი მონაცემებით, ჩვენ მოვახერხეთ სიღარიბის განახევრება ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგი. ზრდის საშუალო მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9,3%. ჩვენ ამ კუთხით ვართ ლიდერი ევროპის კონტინენტზე და რეგიონში მთლიანად და ამან შეამცირა საქართველოში სიღარიბე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.