კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანზე: მივესალმებით, ყველანაირად ვცდილობდით, ხელი შეგვეწყო ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეხმაურება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას – მისი თქმით, მიესალმება ამას და აღნიშნავს, რომ ყველანაირად ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ მსგავსი შეთანხმების გაფორმებისთვის.

„მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მეგობარ მეზობელ სახელმწიფოებს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანობაში ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას – ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით ამ შეთანხმების გაფორმებას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ რა რესურსიც გვქონდა, ხელი შეგვეწყო ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის, ნუ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპს უნდა გადავუხადოთ მადლობა, სწორედ მისი ლიდერობით იქნა უზრუნველყოფილი ამ შეთანხმების ხელმოწერა.

საბოლოო ჯამში, ჩვენთვის პრინციპული რაც არის, ეს არის ის, რომ განმტკიცდეს ჩვენი დამოუკიდებლობა. იგივე მიდგომა აქვთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებსაც, მაქსიმალური თავისუფლება, მაქსიმალური დამოუკიდებლობა. ეს ხელს შეუწყობს როგორც მშვიდობის განმტკიცებას, ისე კეთილდღეობის განმტკიცებას ჩვენს რეგიონში. საქართველოს უკავია კვლავაც ცენტრალური ადგილი ჩვენს რეგიონში და როგორც მოგეხსენებათ, გასული 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მძიმე კონფლიქტი ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, ჩვენ უზრუნველყოფდით მაქსიმალურად მშვიდობის განმტკიცებას. ეს იყო ჩვენი როლი, რასაც ძალიან აფასებენ ჩვენი მეზობლები, ჩვენი მეგობრები. შესაბამისად, მომავალშიც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება. ეს არის, ბუნებრივია, ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – განაცხადა მან.

9 აგვისტოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს – ხელშეკრულება მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე.

სამშვიდობო შეთანხმება მოიცავს „კონკრეტულ გზებს მშვიდობისკენ” და მიემართება დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი სატრანზიტო საკითხის მოგვარებას.

კერძოდ, საქმე ეხება ზანგეზურის დერეფანს – აზერბაიჯანმა სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის გაყვანა მოითხოვა, რომელიც მისი ტერიტორიის დიდ ნაწილს ნახჭევანთან – აზერბაიჯანულ ანკლავთან დააკავშირებს, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება.

ზანზეგურის დერეფანს სახელად დაერქმევა TRIPP (Trump Route for International Peace and Prosperity) – ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

მარშრუტი სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად შედგება, ხოლო შეერთებული შტატები მიწას ინფრასტრუქტურისა და მართვისთვის ქვეიჯარით კონსორციუმს გადასცემს.


2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, ზანგეზურის კორიდორის გახსნის შემთხვევაში უსაფრთხოებას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) უზრუნველყოფდა.

ოფიციალური პირების თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ასევე ხელს მოაწერენ დოკუმენტებს, რომლითაც ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლას მოითხოვენ. მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა, რათა შუამავლობა გაეწია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. 1997 წლიდან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ.