საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
მათივე განცხადებით, აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის ცნობითვე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია.