კობახიძე: სპეკულაციაა, როცა ფორუმში მონაწილეობ, ბოლომდე უნდა ჩაერთო

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „სპეკულაციას” უწოდებს ინფორმაციას, რომ ჩინეთში გამართულ ღონისძიებას, სადაც ვლადიმირ პუტინიც იმყოფებოდა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი დაესწრო.

შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ ლევან დავითაშვილს პირადი კონტაქტი ჰქონდა პუტინთან, კობახიძე ამბობს, რომ „ჭორებზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება“.

„ჭორებზე არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. რა ჩართულობა ჰქონდა ლევან დავითაშვილს შესაბამის ფორუმზე, საჯაროდაა ცნობილი და შესაბამისად, ჭორებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.

რა თქმა უნდა, როდესაც კონკრეტულ ფორუმში იღებ მონაწილეობას, ბოლომდე უნდა იყო ჩართული ამ ღონისძიებაში. ისევე, როგორც, თუ არ ვცდები, მაშინ სხდომათა დარბაზში 12 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა საუბარი. ეს არის ცარიელი სპეკულაცია“, – თქვა კობახიძემ.

ლევან დავითაშვილის დასწრებას ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე „მანიპულაციის კლასიკური მაგალითი” უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი 17-18 ოქტომბერს ჩინეთში ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვასაც მოუსმინა. ინფორმაცია თავდაპირველად „ტაბულამ” გაავრცელა.

ჩინეთში „სარტყლისა და გზის ფორუმი” გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში შედგა ბანკეტიც.

17 ოქტომბერს გამართული ბანკეტის ვიდეოში ჩანს, რომ სტუმრები უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძიპინის სიტყვით გამოსვლას. სტუმრებს შორის არიან როგორც ვლადიმირ პუტინი, ისე ლევან დავითაშვილი, ასევე, საქართველოს ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია.

რუსეთის მხრიდან, ვლადიმირ პუტინის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი.

18 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე კი სიტყვით გამოვიდნენ როგორც სი ძიპინი, ისე ვლადიმირ პუტინი. ლევან დავითაშვილი და არჩილ კალანდია ორივე მათგანის გამოსვლას დაესწრნენ.