„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ამბობს, რომ შეიძლება იფიქრონ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე. ამის შესახებ მან „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ არის გარკვეული ეჭვები „კარტელურ გარიგებებთან“ დაკავშირებით.
„ფასნამატი, რაც წარმოიქმნება, საქართველოს საზღვრიდან დახლებამდე, არის ძალიან მაღალი. საშუალოდ, ეს ფასნამატი არის 86%. ეს ფასნამატი წარმოიქმნება სადისტრიბუციო კომპანიებში და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს, ზოგადი შეფასება გაკეთებული გვაქვს, ახლა უკვე საჭიროა კონკრეტულ სამუშაო პროცესზე გადასვლა. მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას.
არ არის მარტივი საკითხი. საქმე ეხება კერძო სექტორს, ბიზნესს, რომელიც ამჟამად თავისუფლად წარმოქმნის ფასებს პროდუქტებზე. არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან და აქ შეიძლება ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე, ან შეიძლება თუნდაც საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ხომ არ არის სადმე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი“, – თქვა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.
კობახიძე ამბობს, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, „რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.
„ოცნების“ პრემიერის თქმით, „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.
კობახიძემ თქვა, რომ „ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ და სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.