პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება, რომელიც უწყების მტკიცებით, ტერორისტული აქტის მომზადებას ეხება, დაკავშირებულია ოლივერ ვარჰეის „გაფრთხილებასთან“.
2024 წლის 23 მაისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ თითქოსდა მასთან საუბარში „ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ ფიცოს [სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს] რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
იმავე დღეს ოლივერ ვარჰეიმ კობახიძის განცხადება უარყო და მას კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არასწორად ინტერპრეტირებული უწოდა.
თუმცა ირაკლი კობახიძე იმეორებს იმას, რაც თავდაპირველად თქვა და ვარჰეის „მესენჯერს“ შუამავალს უწოდებს, რომელმაც მას ინფორმაცია მიაწოდა.
„თქვენ გახსოვთ, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით და ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც. უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ტყვიას ისროდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს „ქილერები“ ისვრიან. გაფრთხილებაც არსებობდა. ეს არის იყო ევროკომისრის გაფრთხილება, ეს იყო ერთგვარი „მესენჯერი“, რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე მოეწოდებინა. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ომთან მიმართებით უკავია, ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს”.
ირაკლი კობახიძისვე განცხადებით, „ვიღაცებს არ მოსწონთ პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ომთან დაკავშირებით უკავია”. მისივე თქმით, „საქართველოში ტერორისტული აქტების მომზადება გასაკვირი არ არის”, მით უფრო, მიზანში ბიძინა ივანიშვლის ამოღება, რომელიც „ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების გარანტია”.
„გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან – გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არა კეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი […] ეს ინფორმაცია შემაშფოთებელია იმ ფონზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ხდება – 2 ტერორისტული აქტი განხორციელდა, ერთი სლოვაკეთში, მეორე აშშ-ში.”. – ამბობს პრემიერ-მინისტრი.