კობახიძე: თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, ვაფრთხილებთ ყველას

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა, რომ „ქართული ოცნება” იღებს განსაკუთრებულ ზომებს ბიძინა ივანიშვილის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

მან ისევ განიხილა სავარაუდო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამის გათვალისწინებით, ივანიშვილი აღარ გადაადგილდება ვერტმფრენით და საარჩევნო შეხვედრებზე მის „უსაფრთხოებას” შუშის ბარიერით იცავენ.

პარალელურად, კობახიძემ თქვა, რომ არსებობს ოპოზიციის მიმართ „თავდასხმის რისკები” – მისი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ოპოზიციაში მსჯელობენ საზოგადოებაში „მღელვარების გამომწვევი სცენარის” განვითარებაზე.

„უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძეს ჰკითხეს, რა იგულისხმება მის განცხადებაში და რის საფუძველზე ავრცელებს მსგავს ინფორმაციას, რაზეც ის პასუხობს, რომ ამგვარი გამოცდილება უკვე არსებობს.

„ასეთ თემებზე მუდმივად არის საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით. ასევე, ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როცა უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. გამოცდილებაც არსებობს, ასეთი საუბრებიც არის ოპოზიციის შიგნით”, – განაცხადა მან.