„ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის შექმნის გეგმა, „რომელსაც განხორციელება არ უწერია, ნიშნავს ქვეყნის ერთი წლით საერთოდ გაჩერებას და უფრო მეტიც, მის ომში ჩართვასა და არევას”.
„რეალურად, თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი. ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები. ნოემბერში, დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას.
ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია განხორციელება, ნიშნავს ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას. ეს არის მათ8ი გეგმა, მათი დავალება და მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა კობახიძემ.
12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს წარადგინოს ტექნიკური მთავრობა და ის მიიჩნევს, რომ ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ დროა პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად ბოლომდე არიან „ქართული ქარტიის“ არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი არამედ მისი თითოეული სიტყვის.
მისი განცხადებით, საზოგადოებამ არჩევნებამდე, 26 ოქტომბრამდე, უნდა იცოდეს, ვინ იქნება ამა თუ იმ თანამდებობაზე.
პრეზიდენტმა გასული კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელს აწერენ „ქართულ ქარტიას“. ყველა ოპოზიციონერმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე.