კობახიძე: თოლორაიას პრემიერმა შესთავაზა სხვა სამსახური, ჩვენი დამოკიდებულება აქ ჩანს

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროექტი, თავისი არსით, უმარტივესია და ერთი სამსახურის ნაცვლად ორის შექმნას ითვალისწინებს.

„ეს არის ამ პაკეტის შინაარსი. არსებითად არაფერი არ იცვლება: დანიშვნა-გათავისუფლების წესი, ინსტიტუციური მოწყობა – ყველაფერი იგივე რჩება. ერთადერთი გამოძიების ნაწილში ფართოვდება კომპეტენციები და მანდატი. საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ სამართლებრივი და ინსტიტუციური თვალსაზრისით, ეს ყველაფერი აბსოლუტურად გამართულია და ერთადერთი, არსებითად რაზეც ისმებოდა კითხვა, იყო შემდეგი: რატომ განიხილება დაჩქარებული წესით.

დაჩქარების მიზეზი იყო ის, რომ პაკეტი ძალიან მარტივია და თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია უკეთესი ინსტიტუციური სისტემის შექმნაზე, რატომ უნდა გადაიდოს ეს პროცესი. მეორე – ამ სამსახურის დეპარტამენტებში წარმოდგენილ თანამშრომლებზე ისმებოდა შეკითხვები. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ დეპარტამენტების თანამშრომლები ინარჩუნებდნენ პოზიციებს. ამაზე კონკრეტული ინიციატივები დადგება ჩვენი მხრიდან – შეიქმნას საკანონმდებლო გარანტია, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ პოზიციები ამ სამსახურში.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ლონდა თოლორაიას პრემიერმა სხვა საჯარო სამსახურში შესთავაზა დასაქმება და სპეკულაციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს პრობლემები კონკრეტულ თანამშრომლებთან მიმართებით.

„ლონდა თოლორაია თითქმის 3 წელია, იკავებს ამ თანამდებობას. ჩვენ ნაკლებად გვქონდა მასთან თანამშრომლობა, მაგრამ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ჰქონდა მასთან მჭიდრო თანამშრომლობა და ვიცი, რომ კმაყოფილები არიან ამ თანამშრომლობით. მე ასევე ვიცი, რომ თოლორაიასთან დაკავშირებით პრემიერმა გააკეთა განცხადება და მან შესთავაზა კონკრეტული პოზიცია სახელმწიფო სამსახურში.

ის შსს-ის კადრი იყო და აქედან გადავიდა ახალ უწყებაში. როდესაც პრემიერი ლონდა თოლორაიას ანალოგიურ თანამდებობას სთავაზობს საჯარო სამსახურში, აქედან ჩვენი დამოკიდებულება ჩანს ამ უწყების თანამშრომლების მიმართ, როგორც ხელმძღვანელის, ისე სხვა თანამშრომლების მიმართ. სპეკულაციაა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრობლემები.“ – განაცხადა კობახიძემ.