საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში აშშ-თან „ურთიერთობების გადატვირთვაზე” კვლავ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ელჩის პირობებში, „ძალიან ბევრი რამე გაფუჭდა”. ჟურნალისტის კითხვაზე „რა არის აშშ-ის ელჩის ამ დომდე დუმილის მიზეზი არჩევნებთან დაკავშირებით”, კობახიძე პასუხობს:
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად ურთიერთობების გადატვირთვა. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში წინა ელჩის პირობებში. თქვენ გახსოვთ, აღარ გავიხსენებ დეტალებში, რაც გამოვიარეთ ჩვენ 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2021 წელი, 2022 წელი, 2023 წელი – რევოლუციის ორი მცდელობა გვქონდა ამ სამი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ურთიერთობების ის დონე, რომელიც არის დღეს სახეზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს და ამას სჭირდება თვისებრივი, არსებითი გადატვირთვა, ამაზე ვართ ჩვენ ორიენტირებული, ამიტომ არ მინდა, სიღრმეებში შევიდე ამ თემასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ძალიან მალე უკვე ხელშესახები ცვლილებები ურთიერთობის გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით.
მე მგონია, რამდენიმე თვეში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება სერიოზული ძვრები ამ ურთიერთობებში. ჩვენ ვამბობდით ერთ რამეს: სამ რამეს ვუკავშირებდით ურთიერთობების გადატვირთვას, ეს იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც უკვე დასრულდა და დასრულდა იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჯანსაღ ურთიერთობებსა საქართველოსა და აშშ-ის, ევროკავშირს შორის, დასრულდა აშშ-ის არჩევნები და დასრულდა ესეც ისე, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ურთიერთობების გადატვირთვას. დარჩა მესამე საკითხი, ეს არის უკრაინაში ომის დასრულება”.
რაც შეეხება აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივას, კობახიძე აცხადებს, რომ მოლოდინი „ოპტიმისტური” აქვთ, თუმცა მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან.
„კი, მე ასე მგონია, მე ასე მგონია, ორი მიზეზის გამო. ერთი არის ის, რომ მშვიდობა დამყარდება, მაღალი ალბათობით, ძალიან მალევე მომავალი წლიდან უკვე ჩვენს რეგიონში, რის ხარჯზეც, რა თქმა უნდა, ჩვენზე წნეხი შემცირდება. რეალურად გახსოვთ, რომ ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, ასეთი წნეხი არ იყო. იყო სირთულეები სხვადასხვა დროს ურთიერთობებში, მაგრამ ასეთი მძიმე წნეხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა არასდროს არ ყოფილა, როგორც ის იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანუ წინა პერიოდში უკრაინაში ომის დაწყებამდე და შემდეგ უშუალოდ. როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონში მაშინვე შესუსტდება წნეხი ჩვენს ქვეყანაზე და რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება მათ შორის ორმხრივ ურთიერთობაზე.
და მეორე არის თვითონ დონალდ ტრამპის ფაქტორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი, დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად, განწყობა არის ოპტიმისტური, დანარჩენი დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას”, – თქვა კობახიძემ.