პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნოდ „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი რეფორმა განათლების რეფორმა იქნება.
მან ისაუბრა იმაზე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორების დიდი ნაწილი „პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული და საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვს. კობახიძე ამბობს, რომ სისტემას თვისებრივი გარდაქმნა სჭირდება.
კობახიძემ წინა ხელისუფლების განათლების მინისტრები განათლების სისტემის მიზანმიმართულ მოშლაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, ეს იყო „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი“.
ამის შესახებ პრემიერმა ისაუბრა „პირველი არხის“ წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვის პასუხად, რომელმაც კობახიძეს საგანმანათლებლო სისტემის იდეოლოგიურ-კულტურულ ნარატივებზე დაუსვა შეკითხვა.
„ერთ-ერთი მთავარი, ჩვენი რეფორმა რაც იქნება შეთავაზებული საარჩევნოდ იქნება განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას, ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას.
ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც, სამწუხაროდ, საკმარისი ვერ გაკეთდა იმისათვის… უნდა ვაღიაროთ, ეს დრო სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული, თუმცა ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. საბოლოოდ, ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ესეც გარე დავალება იყო, იყო განათლების სისტემა. ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხით და ა.შ. საბოლოოდ, მყარი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის გადალაგებაც მარტივად არ იყო შესაძლებელი.
კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს უმაღლესი განათლების სისტემებში. რომ ავიღოთ თსუ, სადაც მეც ვასწავლი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია, ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია. შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს და თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თსუ-ში. ეს ეხება ძალიან დიდ ნაწილს პროფესურის, შესაბამისად, არის ჩაკეტილი წრე, სისტემა არის მთლიანად მოშლილი. ამის გამო არც სახელმძღვანელოები ვითარდება, არც მეცნიერება“, – ამბობს ის.
წამყვანის შეკითხვაზე, რას უპირებენ ამას, კობახიძე პასუხობს:
„თვისებრივ გარდაქმნას. ამასთან დაკავშირებით დეტალურ გეგმას… საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც შედეგად მივიღებთ არა განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ ინტერესების რეალიზების 10-ჯერ უკეთესი შესაძლებლობა… სწავლების ხარისხი გვექნება თვისობრივად განსხვავებული, გვექნება სახელმძღვანელოები უზრუნველყოფილი ყველა მიმართულებით და ა.შ. თვსობრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე“, – განაცხადა მან.
შეკითხვაზე, რას უპირებენ ადამიანურ რესურსს, კობახიძე ამბობს:
„თუ სწორად დალაგდება სისტემა, საქართველოში არის საკმარისი რესურსი… მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე რომ ვისაუბროთ, თუ სწორად დალაგდება სისტემა, თავისუფლად შესაძლებელია, საქართველოში შექმნა რესურსი, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტი მიიღებს ზუსტად ევროპულის და ამერიკულის იდენტურ განათლებას. მათ შორის ღირებულებებსაც ეხება ეს ყველაფერი“, – განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ განათლების სისტემის რეფორმის დროს იქნება ისეთივე წინააღმდეგობა, როგორიც შეხვდა ე.წ გამჭვირვალობის კანონს.