კობახიძე: თუ ენმ-ის წევრებს შეხვდება ზელენსკი, ეს არ წაადგება ქვეყნებს შორის ურთიერთობას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კიევში „ენმ-ის დელეგაციას რომ შეხვდეს ზელენსკი, ეს იქნება კონტრპროდუქტიული ურთიერთობის განახლებისთვის“ – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, როგორი იქნება მათი რეაქცია, თუ ენმ-ის დელეგაციას და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ზელენსკი შეხვდება.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ მოხდება. თეორიულად რომ წარმოიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რაზეც ახლა საუბრობენ ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] – რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ შეხვდა ოფიციალურ ქართულ დელეგაციას, რომელიც ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კიევში და ხვდება ენმ-ის დელეგაციას – მელიას, მარგველაშვილსა და სხვებს. ეს რომ წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება უარყოფითი ნიშანი და არ წაადგება ქვეყნებს შორის ურთიერთობას.

ჟურნალისტი: არ შეხვდა, რას ნიშნავს, იყო შეთავაზება?

კობახიძე: მომწვევმა მხარემ შემოგვთავაზა ფორმატი. ასე თანხმდება ვიზიტები.

ჟურნალისტი: საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა რადის ხელმძღვანელს და წარმომადგენელს. აქედან ჩასულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

კობახიძე: თუმცა მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე ბევრად მეტია, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი. რაიმე ხინჯი კი არ ჰქონდა იმ ვიზიტს, მაგრამ ფორმატი შემოგვთავაზეს უკრაინელებმა, რომელშიც გათვალისწინებული იყო მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესა და მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრა. ეს არ მიიჩნევა ნაკლად, მაგრამ ეს ასე იყო, ამ ფონზე რომ ვნახოთ, რომ ენმ-ის დელეგაციას შეხვდეს ზელენსკი, ეს იქნება კონტრპროდუქტიული ურთიერთობის განახლებისთვის.