„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და „დიპლომატიური რეაგირებით“ იმუქრება. ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი ბატონი პაველ ჰერჩინსკი, თუმცა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი.
ბატონი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.
გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, – ამბობს კობახიძე.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია“.
მისივე თქმით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მისი გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება.
28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.
კობახიძის ამ განცხადებას საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა რუსთაველის გამზირზე.
რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლმდენი ნივთიერებები იყო შერეული.