პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზადაა, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია მუქარაზე, სადაც სლოვაკეთის პრემიერის გვარი გაჟღერდა.
ამის შესახებ კობახიძემ აჭარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია გადაიხედოს, რაზეც პრემიერმა თქვა, რომ ხელისუფლებას ბევრი რამით ემუქრებოდნენ, მათ შორის, ფიცოს ბედის გაზიარებით.
„გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ბევრი რამით გვემუქრებოდნენ, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ“, – თქვა მან.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ამაზე ოლივერ ვარჰეიმ განმარტება გააკეთა, კობახიძემ თქვა, რომ „ეს ახსნა უბედურება იყო“.
კიდევ ერთ შეკითხვაზე: „თქვენ გეშინოდათ, რომ მოგკლავდნენ?“
კობახიძე ამბობს:
„არავითარ შემთხვევაში. მე არაფრის არ მეშინოდა. მაგრამ მე ვთქვი, რითაც დაგვემუქრნენ, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით.
ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით.
რაც შეეხება სლოვაკეთის პრემიერის საკითხს და შესაბამის მუქარას, ამასთან დაკავშირებით თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულება.
კიდევ ერთხელ დააკვირდით, რასაც ვამბობ, როცა საქმე ეხება მუქარას, სადაც გაჟღერდა სლოვაკეთის პრემიერის გვარი, თუ იქნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულება“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და პარალელი გაავლო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს შემთხვევასთან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი კობახიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი უკონტექსტოდ ამოიღეს და სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.