კობახიძე: თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებისგან, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს კომპენსირებას

პუბლიკა

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ საერთაშორისო სანქციებით რომელიმე მოხელეს წარმოექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აუნაზღაურებს.

„თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებისგან, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს დანაკლისის კომპენსირებას. ეს არაა მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილებაზე პასუხი, ესაა პასუხი ღირსეულ ქმედებებზე, რომელსაც შსს-ს თანამშრომლები ახორციელებენ“, – განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ შსს-ის სანქცირებულ პირებს ღირსების ორდენზე წარადგენენ.

„ინაუგურაციის შემდეგ 11 პირს წარვადგენთ ღირსების ორდენზე – ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, იოსებ ჭელიძეს, თემურ კუპატაძეს, ვაჟა სირაძეს, სულხან თამაზიშვილს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, დასანქცირების შემდეგ ვახტანგ გომელაურის დაწინაურება „იყო პასუხი Deep State-ისთვის“.

„Deep State-ს გავეცით ღირსეული პასუხი… თუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს Deep State-ს, სანქციები მოიხსნება. ვნახოთ“, – თქვა მან.