კობახიძე თურქმენეთში გაეროს კონფერენციაში მონაწილეობდა

პუბლიკა

„ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების შესახებ გაეროს მესამე კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს კობახიძემ საქართველოს „რეგიონში მშვიდობის კუნძული“ უწოდა და თქვა, რომ საქართველო დღესაც ასრულებს „განსაკუთრებულ როლს დაკავშირებადობის კუთხით“.

„საქართველოს ისტორიულად აქვს საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ისტორიულად ვაკავშირებდით ერთმანეთთან დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას და, დღეს, ეს როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი იმ რთული მოვლენების ფონზე, რაც ჩვენ გარშემო ვითარდება. არაერთი კონფლიქტია ჩვენ გარშემო, ამ პირობებში, საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში და შესაბამისად, საქართველო დღესაც ასრულებს განსაკუთრებულ როლს დაკავშირებადობის კუთხით, მომავალში კიდევ უფრო შეუძლია ქვეყანას ამ როლის გაძლიერება.

ამისათვის ჩვენ ვაღრმავებთ პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან და მოგეხსენებათ, არაერთი ვიზიტი შედგა, მათ შორის, ჩემი მონაწილეობით ამ მიზნით, ასევე, ეკონომიკის მინისტრს ჰქონდა გასული ერთი თვის განმავლობაში არაერთი ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში. სწორედ, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა ყველა ეს ღონისძიება და ინიციატივა. მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ.

მათ შორის, დიდი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, პორტები, აეროპორტები და ა.შ. ყველა მიმართულებით, მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად გავუძლიეროთ მისი სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით”, – თქვა მან.

თურქმენეთში ვიზიტის დროს კობახიძე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს; უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს; თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს, ასევე, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.