პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.
მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და გუშინ „TV პირველის“ ეთერში გასულ აუდიოჩანაწერზე განაცხადა, რომ სისულელეა და მისი ავთენტურობაც არავის დაუდასტურებია.
გუშინ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ გავიდა აუდიოჩანაწერი, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოს საუბარია. ტელევიზიის ცნობით, აუდიოჩანაწერი მეილზე მიიღეს, რომელიც რუსი სანქცირებული ოლიგარქისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარს ასახავს და მათთვის უცნობია ავთენტურია თუ არა ჩანაწერი.
„აუდიოჩანაწერი, ერთი – რომ არის სისულელე, მეორე – კაცმა არ იცის ეს არის ავთენტური თუ არ არის. ამის გადამოწმების საშუალება ჩვენ არავითარი ფორმით არ გვაქვს. ასევე საინტერესოა, რა იყო წყარო – წყარო ვერ იქნება, ბუნებრივია, ქართული მხარე, საინტერესოა, ხომ არ იყო „ტვ პირველისთვის“ წყარო რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური.
ასეც და ისეც, საქმე ეხება ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც არის რეპრესირებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და თუ ვინმე შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენ რეპრესირებული ბიზნესმენებიდან, ხადარკოვსკის შემდეგ ეს არის სწორედ ეს კონკრეტული ბიზნესმენი.
როდესაც ასეთ დროს პირად საუბარს, მათი მტკიცებით, აქვეყნებს ტელევიზია, ეს, რა თქმა უნდა, მეტყველებს მათ ღირებულებებზე, სტანდარტებზე და ღიმილისმომგვრელთან ერთად, ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ახასიათებს იმ ტელევიზიებს, რომლებიც წარმოადგენენ ომის პარტიებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.