კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ცვლილება იგეგმება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომავალ კვირას, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის ცვლილება იგეგმება, ასევე უარყოფს იმ ინფორმაციასაც, რომ ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილს თავად ჩაანაცვლებს. ამის შესახებ კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

„არავითარი ყრილობა არ არის დაგეგმილი, მე როგორც ვიცი, „ევროპული საქართველოს“ ტელევიზიამ, „ფორმულამ“ გაავრცელა ეს  ინფორმაცია. ნუ, ალბათ, უნდათ, მაგალითად, ვაშაძის გადადგომის გადაფარვა ან იმ მძიმე პროცესების გადაფარვა, რაც მათ პარტიებში წარიმართება. მათ სპეკულაციებზე არ ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ დიდად კომენტარს და ამ შემთხვევაშიც მოვერიდებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძე სახელდება ივანიშვილის ჩამნაცვლებლად, კობახიძე აცხადებს:

„ესც იგივეა, მთლიანად ერთიანად შეგვიძლია ეს ინფორმაცია განვიხილოთ. არავითარი ყრილობა დაგეგმილი არ არის პარტიაში. უკვე გითხარით, არავითარი გეგმა არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.


„ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი პოლიტიკიდან ისევ წავა.