„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი”.
კობახიძის მტკიცებით, „იმიტომ გაააქტიურეს კონკრეტულად რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ შექმნას ვიღაცამ აღქმა, ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე”.
„ხშირად ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადებები კეთება ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება ხოლმე კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნები.
არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში, მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი. პირველ რიგში ის, რომ არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში.
თქვენ გახსოვთ, რომ ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც კი ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება. როდესაც ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები არ არის რელევანტური. ამიტომ, ყველას ვურჩევდი თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან. ქართულ საზოგადოებაში ეს განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს.
იმიტომ გაააქტიურეს კონკრეტულად რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ შექმნას ვიღაცამ აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან.
ჩვენი ხელი გვაქვს გაწვდილი, ჩვენ ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას, სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან. განახლებას და გაჯანსაღებას იმ ურთიერთობების, რომელიც არ არის დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები. ეს შედის ორივე ქვეყნის ინტერესებში, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დაწერა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, „ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას განახორციელებს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“, – დაწერა მან.
კიდევ ერთ პოსტში რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს:
„კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე, ცდილობს, საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გარდაქმნას. ჩვენ ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და თუ ეს მოხდება, საქართველოსთვის მთელი დაფინანსება შევწყვიტოთ“.
მესამე პოსტში კი უილსონი სვამს კითხვას, თუ რატომ დაუდო საქართველოს „დიქტატორობის მომლოდინე“ ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების კონტრაქტი დასანქცირებულ ჩინურ კომპანიას.
„ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?“, – წერს უილსონი.