„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ზელენსკის გადაწყვეტილება შეაფასა. დღეს ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია.
“არის ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც მანამდე დაიწყო. მანამდე კონსულტაციებზე იყო გაწვეული ელჩი, რაც არის ერთგვარი დემარშის კიდევ ერთი ფორმა. ამას მოჰყვა გაგრძელება – ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლება.
რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო წინა ნაბიჯიდან და ზოგადად იმ ნაბიჯებიდან და რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც გვესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად ასეთი ალოგიკური ნაბიჯებისა, ჩვენ არასდროს მოგვიდუნებია ყურადღება უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერის კუთხით.
ჩვენი მხარდაჭერა აქ იყო ურყევი, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც იყო საუბარი პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, იქნებოდა ეს ევროსაბჭო, გაერო, ეუთო, ჰააგის სასამართლო თუ ნებისმიერი სხვა პლატფორმა, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვეწია უკრაინისთვის.
შესაბამისად, კიდევ უფრო ალოგიკურია ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ დავინახეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ხელისუფლება არის მძიმე მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში, თუმცა ეს მდგომარეობა მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც არის, პირდაპირ ვიტყოდი, შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის.” – განაცხადა კობახიძემ.