„ქართული ოცნების“ ოფისში ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. კობახიძეს ჟურნალისტებმა „უკრაინის დასჯაზე“ პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განაცხადების შეფასება სთხოვეს.
მისი თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესია დასჯის აქტია და ყველა თვალსაზრისით ურთულესი მდგომარეობაა.
„სამხედრო, ინფრასტრუქტურული თუ სხვა მხრივ არის მძიმე ზიანი და ასევე მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატოზე, რაც წარმოიდგინეთ, მისი მხრიდან იყო რუსეთის მიმართ სასტარტო შეთავაზება. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა და გვაქვს ეს მოცემულობა, რაც არის სამწუხარო ჩვენთვის.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„უკრაინის მიერ მიღებული ზიანი უმძიმესია. უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი და რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, რა თქმა უნდა, დასჯის აქტია. აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანი და უსამართლოც ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა ფრაზას, რომელიც თქვა პრემიერმა.“ – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტისთვის მოლაპარაკებები დაიწყო. უკრაინაში შეჭრისას კრემლი კიევისგან დემილიტარიზაციას, „დენაციფიკაციას“ და სამხედრო ნეიტრალიტეტს მოითხოვდა. ამასთან მოსკოვში აცხადებდნენ, რომ უკრაინა უნდა დასთანხმებოდა რუსეთის პოზიციას ყირიმსა და დონბასთან დაკავშირებით.
თუმცა, ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ მოსკოვის მოთხოვნები შერბილდა და რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარკების შემდეგ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის პოზიციები გარკვეულწილად დაახლოვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, უარი თქვას NATO-ზე, მაგრამ მხოლოდ ისეთი გარანტიებით, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას.
უკრაინის მიერ რუსეთისთვის ბოლოს შეთავაზებულ წინადადებაში ნათქვამია, რომ შესაძლებელია უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადება, რომლის მიზანი უკრაინის უბლოკო და არაატომური ქვეყნის სტატუსის დაფიქსირება იქნება. თუმცა, ამას სჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. გარანტორ ქვეყნებს შორის კი შესაძლოა იყვნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი, ისრაელი, ჩინეთი, თავად რუსეთი და ა.შ.
გარანტიები შეიძლება არ გავრცელდეს ყირიმსა და დონბასის გარკვეულ ტერიტორიებზე, მაგრამ სხვა შემთხვევაში უკრაინაზე თავდასხმისას გარანტორ ქვეყნებს დაუყოვნებლივი და გადამჭრელი ზომების მიღება მოუწევთ. როგორც კიევში აცხადებენ, ამით ისინი ფაქტობრივად უსაფრთხოების ახალ ალიანსს ქმნიან უკრაინის გარშემო.
ასევე, უკრაინა არ განიხილავს დემილიტარიზაციას, რუსული მხარისგან კი „დენაციფიკაციის“ მოთხოვნა გაქრა, რაც, ფაქტობრივად, ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობდა.
ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მათი ძირითადი მიზანი დონბასის მოსახლეობის „დაცვა“ იყო „გენოციდისგან“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესში გარკვეული წინსვლა და მეტი ურთიერთგაგებაა.