კობახიძე უკრაინის სანქციებზე: მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ 18 ადამიანისთვის სანქციების დაწესება თავად უკრაინის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს.

დღეს, 5 დეკემბერს უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და „მის 19 თანამზრახველს”. სანქცირებულებს შორის არის ირაკლი კობახიძე და მისი მამა, გიორგი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ პრემიერ ირწმუნება, რომ სანქციების მიზეზი ორია: ის, რომ „საქართველომ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ის, რომ უკრაინაში არ გაგზავნა მოხალისე მებრძოლები“.

კობახიძე კვლავ „ორ ფრონტზე“ ლაპარაკობს.

„აქედან გამოჩნდა რეალურად რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არაერთი ფრონტი, არამედ ორი ფრონტი და, რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. […]

შემდეგ გამოაძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან, ის კაცი, რომელსაც 1 დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან. გამოაძევეს – რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი ხელით ბრჭყალებში, კლავდა სააკაშვილს წამებით საქართველოში. […]

დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა და ის სავარაუდო გადაწყვეტილება, რაზეც ვსაუბრობთ, არის ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილი“, – თქვა მან.