კობახიძე უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე: არ უღირდათ ფაშისტური ბულინგის გაძლება

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარლამენტიდან წასულ დეპუტატებს „უბრალოდ არ უღირდათ ფაშისტური ბულინგის გაძლება“.

მან ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხალხხმა წაუკითხავი კანონპროექტი გააპროტესტა და ის არ იყო რუსული.

„რაც შეეხება დეპუტატებს, ხუთმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი, გამომდინარე იქიდან , რომ მათ უბრალოდ არ უღირდათ ფაშისტური ბულინგის გაძლება. არ უღირდათ უბრალოდ, ადამიანური ამბავია. ჩვენ გვესმის ამ ყველაფრის, ისინი იყვნენ ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები, რჩებიან ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრებად, უბრალოდ მათ არ უღირდათ პარლამენტში დარჩენა ასეთი ფაშისტური ბულინგის პირობებში, რასაც ვხედავდით, “- თქვა მან.


უმრავლესობიდან 5 დეპუტატის წასვლის შესახებ ინფორმაცია რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ გავრცელდა. მათგან, სამი ის დეპუტატია, რომელმაც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა – ნინო იობაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი ხელაშვილია. გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად დაინიშნა, ხოლო ირაკლი კოვზანაძე, როგორც მმართველ პარტიაში თქვეს, კერძო სექტორში აპირებს გადანაცვლებას.