კობახიძე: უმთავრესი ამოცანა დეოკუპაციაა, მაგრამ გარკვეული ღირებულებების გათვალისწინებით

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში მედიასთან გამართულ ბრიფინგზე დეოკუპაციის პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამოცანა დეოკუპაციაა, ოღონდ „იმ პირობებში, როცა გვექნება ძმური თანაცხოვრება აფხაზებსა და ოსებთან“.

მისი თქმით, სროლა ადამიანების მიმართ, რომელთანაც გინდა მომავალში ძმურად თანაცხოვრება, ღირებულებით ჭრილში მიუღებელია.

„რომ წარმოვიდგინოთ ასეთი თეორიული განვითარება როდესაც ქართველი ესვრის აფხაზს, ან ქართველი ესვრის ოსს, რა თქმა უნდა, ამის გაიგივება შეიძლება ღირებულ ჭრილში იმასთან რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს.

ჩვენი ამოცანა დეოკუპაციაა იმ პირობებში როცა გვექნება ძმური თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენთვის ეს ღირებულების თემაა და უსამშობლოა ის პარტია და პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს ომისკენ წაიყვანოს ქვეყანა.

ისტორიულად იყო ძმობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის, სადაც 90-იანები წლების დასაწყისში,  რუსული პროვოკაციების შედეგად ხელოვნური ბარიერი იყო გავლებული  და უნდა ვიზრუნოთ, რომ არ განმეორდეს 30 წლის თავზე ძმათამკვლელი ომი.

ჩვენთვის უმთავრესი ამოცანა დეოკუპაციაა, მაგრამ გარკვეული ღირებულებების გათვალისწინებით. დეოკუპაცია და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტია, მაგრამ სროლა ადამიანების მიმართ, რომელთანაც გინდა მომავალში ძმურად თანაცხოვრება ღირებულებით ჭრილში მიუღებელია.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.