კობახიძე: უნივერსიტეტებში ადამიანებს აქვთ სუბიექტური ინტერესები. ვიღაცას უნდა, დარჩეს რექტორად, ვიღაცას უნდა, დარჩეს დეკანად

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება ობიექტურ ინტერესს ემსახურება და აკადემიურ პერსონალს მოუწოდებს, ყველამ გვერდით გადადოს სუბიექტური ინტერესი.

„უნივერსიტეტებში ადამიანებს აქვთ სუბიექტური ინტერესები. მაგალითად, ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა, რომ დარჩეს რექტორად, ვიღაც დღეს არის დეკანი და უნდა დარჩეს დეკანად. ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება, პროფესორად ვერ დარჩეს თავის უნივერსიტეტში.

ჩვენ ყველას ვეუბნებით ერთადერთ რამეს, არათუ კადრების შემცირებაზეა საუბარი, იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში. ყველამ გვერდზე უნდა გადადოს სუბიექტური ინტერესები და ყველამ უნდა იმოქმედოს ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, როცა მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, უმჯობესია, ჯერ გაცხადდეს ამის შესახებ და შემდეგ დაიწყოს დისკუსია.

„რაც შეეხება ჩვენი მოქმედების ქრონოლოგიას, ჩვენ როცა გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ ჯერ გამოვაცხადოთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ შევიდეთ დისკუსიაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეკულაციები, რომლებიც სუბიექტურ ინტერესებს ეფუძნება, იქნება უფრო მძაფრად წარმოდგენილი. ამ შემთხვევში სუბიექტურმა ინტერესმა შეიძლება, გადასძალოს ობიექტური ინტერესი – გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უმაღლესი განათლების სისტემა“, – თქვა მან.