„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელების შემდეგ „უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება“.
კობახიძე ამბობს, რომ გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.
„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“. – თქვა მან.
ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა უფასო იქნება.
ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ პროპაგანდისტული „რუსთავი 2-ის“ ეთერში ილაპარაკა „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემაც.
საქმე ეხება იმას, რომ უქმდება საგრანტო სისტემა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ყველასთვის უფასო იქნება, ხოლო კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს.
„ეს სისტემა წლების მიხედვით საბოლოოდ ამოქმედდება ზუსტად 5 წელიწადში.
ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ კუთხით ეს შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი სტუდენტებისთვის“. – ამბობს ირაკლი კობახიძე.
„ქართულ ოცნებას“ განათლების სფეროში ძირეული ცვლილებები შეაქვს.
გარდა დაფინანსების წესის ცვლილებისა, „ოცნებას“ შემოაქვს ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი.
„თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.
სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში”. – წერია „ოცნების“ „უმაღლესი განათლების კონცეფციაში“.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება” აპირებს, „საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი –მაგისტრატურას“.
ამავე დროს, „ქართული ოცნება” აპირებს, სკოლაში 12-წლიანი სწავლება 11-წლიანი გახადოს.
„ოცნების“ ამ ინიციატივებს მკვეთრად ნეგატიურად აფასებენ საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტები.