კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.

“ურსულა ფონ დერ ლაიენს ვულოცავ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას.

მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებას”, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “X”-ში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს – ის პოსტზე მომავალი 5 წლის განმავლობაში იქნება. ლაიენს მხარი დაუჭირა 401-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო – 284.

„კიდევ 5 წელი. ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ იმ დეპუტატების ნდობის მიმართ, რომლებმაც მხარი დამიჭირეს”, – დაწერა ლაიენმა.

ლაიენს მეორე ვადით არჩევა მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მისი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას.

„მოთმინებით ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის გზაზე სვლას მტკიცედ აგრძელებს”, – წერს ზურაბიშვილი.

დღეს ლაიენი ევროპარლამენტის წინაშე წარსდგა, რა დროსაც ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს იქნება მისი პრეზიდენტობის დროს კომისიის პრიორიტეტი.

მისი თქმით, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს და ახლა დროა, ევროკავშირმა გააკეთოს არჩევანი და დაამტკიცოს მათი ერთგულება კანდიდატი ქვეყნების სურვილის მიმართ, გახდნენ კავშირის ნაწილი.