კობახიძე უვიზოზე: უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები გონივრულია და ყველას შევასრულებთ

პუბლიკა

„ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა, უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შევასრულებთ”, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„რაც შეეხება 31 აგვისტოს და ჩვენს პასუხს ევროკავშირის მიმართ, დოკუმენტი შედგენილია, გაგზავნილია ევროკავშირში. რაც შეეხება მის გასაჯაროებას, არ ვიცით, ვნახოთ, როგორია პროცედურები, გასაჯაროებაც შესაძლებელია ამ დოკუმენტის, თუმცა პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით ვალდებული, ეს დოკუმენტი გაგვეზიარებინა ევროკავშირისთვის და ეს გავაკეთეთ სათანადო ვადებში, დაველოდებით ევროკავშირის პასუხს… ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა, უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შევასრულებთ.

იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც იყო გონივრული და თავიდან ბოლომდე შევასრულეთ. თუმცა, იყო არაგონივრული მოთხოვნები, ვერ დაგვისაბუთეს რატომ ითხოვდნენ ამ ყველაფერს, მათ შორის იგივე ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით კანონის შესახებ რა მოთხოვნებიც ჰქონდათ, იგივე „გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით რა მოთხოვნებიც ჰქონდათ.

ვერ ასაბუთებენ, რატომ არის გაუმჭვირვალობა კარგი. ვერაფრით ვერ ასაბუთებენ, ან რატომ არის კარგი ის, რომ ერთნაირსქესიანმა წყვილმა აიყვანოს შვილად არასრულწლოვანი. დაასაბუთონ, ამასაც შევასრულებთ. ისინი ითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ არ შეიძლება მაგალითად ერთნაირსქესიანმა წყვილმა აიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი – რატომ ითხოვენ ამის გაუქმებას – დაგვისაბუთონ, დაასაბუთებენ – გვექნება რეაქცია”, – განაცხადა კობახიძემ.


რა წერია რეკომენდაციებში?

ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

რეკომენდაციებით მოთხოვნილია, დაცული იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

ასევე, მოთხოვნილია ნებისმიერი იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, წერილში აღნიშნულია პირველი რუსული კანონი და ჰომოფობიური კანონი.

წერილში ხაზგასმულია, რომ უნდა გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა,

ევროკავშირი „ოცნებისგან“ მოითხოვს, მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია, ასევე, ცვლილებები შეიტანოს კანონში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ მიმართულებით. ასევე, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს შეუსაბამოს კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ.

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.

„ქართული ოცების“ მთავრობამ რეკომენდაციების საპასუხოდ კვლავ პროპაგანდისტული და ჰომოფობიური გზავნილები გაავრცელა და განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ დასავლეთი „ლგბტ ქორწინების დაკანონებას ითხოვს”.